თეა წულუკიანი - ვერავინ, მათ შორის ევროკავშირელი ელჩი, ვერ იტყვის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი რუსულია, თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება შარშან დაიწყო
თეა წულუკიანი - ვერავინ, მათ შორის ევროკავშირელი ელჩი, ვერ იტყვის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი რუსულია, თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება შარშან დაიწყო

ერთადერთი სექტორი, სადაც ფინანსურად ყველაფერი გაუმჭვირვალეა, არასამთავრობო სექტორია. აქ გაჯანსაღებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელთა რეესტრი.

„ვერავინ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირელი ელჩი, ვერ იტყვის, რომ ეს კანონი რუსულია. თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება შარშან დაიწყო. ჩვენი უმრავლესობის მიერ წინა წელს ამ კანონის ინიცირებიდან დღემდე მრავალი რამ შეიცვალა, მათ შორის ის, რომ იდენტური კანონის მიღება დაიწყო ბრიუსელში ევროკავშირმა. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ ზუსტად ისეთივე კანონის შემუშავება დაიწყო, როგორიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, მაგალითად, ისეთმა დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა საფრანგეთი. საზოგადოებას უფლება გვაქვს, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე. ვისაც არაფერი აქვს დასამალი, ის მშვიდადაა და ფინანსებში გამჭვირვალობა ყველასთვის უნდა იყოს წამყვანი. ერთადერთი სექტორი, სადაც ფინანსურად ყველაფერი გაუმჭვირვალეა, მხოლოდ არასამთავრობო სექტორია. აქ გაჯანსაღებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.