„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირების შედეგად ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტი საავადმყოფოდან გაწერილია
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტი საავადმყოფოდან გაწერილია.
ხუთი პაციენტიდან ორი ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო სამი „ნიუ ჰოსპიტალსში“. ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა.
სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო ორი პაციენტი ღამის განმავლობაში გაეწერა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები საღამოს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ მცხეთაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.