პაციენტის მონაცემების სოციალურ ქსელში გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმი დააჯარიმა
პაციენტის მონაცემების სოციალურ ქსელში გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმი დააჯარიმა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, ერთ-ერთი კლინიკისა და ექიმის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სოციალურ ქსელში გასაჯაროების კანონიერების საკითხი შეისწავლა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

„შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის (განმცხადებლის) მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პაციენტმა (განმცხადებელმა), სამედიცინო ისტორიის გახსნისას, კლინიკის მიერ მისი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში განთავსებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ოპერაციის ჩატარებამდე, იმავე გზით (წერილობით) უარი თქვა ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე.

ექიმის მიერ ვერ იქნა დასახელებული პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. იგი აპელირებდა პაციენტის (განმცხადებლის) თავდაპირველ თანხმობაზე, რომლის საფუძველზეც მისი ფოტოსურათები შეინახა კომპიუტერის იმ საქაღალდეში, სადაც განთავსებული ჰქონდა იმ პაციენტების ფოტოსურათები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათი ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე. ამასთან, ექიმის განმარტებით, პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებზე თანდართული ტექსტი არ მიემართებოდა კონკრეტულად ამ პაციენტს და იგი იყო ცხვირის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სტანდარტული სამედიცინო-სამეცნიერო-პოპულარული აღწერა, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ სხვა პაციენტების ფოტოსურათებზე არსებული აღწერის იდენტურია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა მინიჭებული (და არც დავალებული) სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, შესაბამისად ის მოქმედებდა სამედიცინო პროცედურების გამწევი კლინიკისგან დამოუკიდებლად“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემების დაცვისთვის, ასევე სამედიცინო პროფესიისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების, მათ შორის, რინოპლასტიკის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნების, მით უფრო ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროების საკითხისადმი.

„ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს ავალდებულებს დაიცვას მონაცემთა დამუშავების კანონით განსაზღვრული პრინციპი – დაამუშაოს მონაცემთა სუბიექტის ნამდვილი და ზუსტი მონაცემები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ექიმის მიერ პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოზე არსებული ტექსტი არ მიემართებოდა პაციენტს, იგი არ იყო ნამდვილი და ზუსტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტის (განმცხადებლის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასაჯაროებისა და პაციენტის მონაცემების დამუშავებისას კანონით დადგენილი პრინციპის დარღვევისთვის (პაციენტის არაზუსტი მონაცემების დამუშავებისთვის), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით 1 000 (ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

დატოვე კომენტარი