თბილისში დღეს რეგიონული ბიზნესის ფორუმი – „ღია დიალოგი“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის პროექტის მხარდაჭერით შედგა. მასში საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისთვის იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რაც მათ საქმიანობისას ექმნებათ, ასევე მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა, რომელმაც მეწარმეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის საკითხში დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.