გიორგი ვეკუა - ბიზნესის საკადრო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების პროგრამებს შორის დიდი სხვაობაა
გიორგი ვეკუა - ბიზნესის საკადრო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების პროგრამებს შორის დიდი სხვაობაა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესის საკადრო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს შორის დიდი სხვაობაა. ამიტომ პროფესიული განათლების რეფორმაში ბიზნესის მეტი ჩართულობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ვეკუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემაში აღინიშნა, რომ რეგიონის ბიზნესი პრობლემების გამოვლენის მიზნით, პალატა რეგიონული მასშტაბით ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს იწყებს.

დისკუსიის დროს ვეკუამ აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის ისევ პრობლემას წარმოადგენს პროფესიული კადრების დეფიციტი, რადგან პროფესიული განათლების მიერ შეთავაზებული პროგრამები ბიზნესისთვის საჭირო კადრებს ნაკლებად ამზადებს.

„ასევე ერთ-ერთი გამოწვევა არის პროფესიული განათლების რეფორმა. დღესდღეობით რომ გამოვიკითხოთ, მოსახლეობის პრობლემა რა არის, სახელდება უმუშევრობა, დასაქმება. თუმცა როცა ბიზნესს ვეკითხებით, რა არის მთავარი გამოწვევა, ისინი ამბობენ, რომ არ არის პროფესიული კადრები. და ერთი მთავარი პასუხი ამაზე არის მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმა. ე.წ. გერმანულ დუალური სწავლების მეთოდს ვნერგავთ, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს. ძალიან ხშირად გვესმის, რომ ქართველებს აქვთ მენტალური პრობლემა, რომ არ უნდათ პროფესიული განათლება და უნივერსიტეტის დიპლომი ურჩევნიათ. თუმცა თუ ჩვენ გავაანალიზებთ ამ პრობლემას, მივხვდებით, რომ მენტალობა არაფერ შუაშია. თუ ჩვენ მოქალაქეს ალტერნატივას მივცემთ, რომ ან აიღოს დიპლომი ან მიიღოს პროფესიული განათლება, რის შედეგადაც დასაქმების საშუალება ექნება შესაბამისი ანაზღაურებით, ამის ასე შეფასება, რომ მენტალური პრობლემის გამო ქართველი ადამიანი უნივერსიტეტს აირჩევს, მე ვფიქრობ შეურაცხმყოფელია. ეს უფრო შესაძლებლობების ნაკლებობაა, ვიდრე მენტალური პრობლემა. როცა შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიზნესის ჩართულობა. რადგან გასულ წელს ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რამდენად შეესაბამება არსებული პროგრამები ბიზნესის მოთხოვნებს და აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, როდესაც პროფესიული განათლების სისტემის რეფორმაზე ვსაუბრობთ, ბიზნესის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერი პროგრამა არ იქნება ეფექტიანი, თუ ბიზნესის ინტერესები არ გავითვალისწინეთ“, – განუცხადა გიორგი ვეკუამ „ბიზნესპარტნიორს“