გიორგი ვეკუა - სავაჭრო-სამრეწველო პალატას ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია ემატება
გიორგი ვეკუა - სავაჭრო-სამრეწველო პალატას ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია ემატება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია ემატება, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ვეკუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემაში აღინიშნა, რომ რეგიონის ბიზნესი პრობლემების გამოვლენის მიზნით, პალატა რეგიონული მასშტაბით ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს იწყებს.

დისკუსიის დროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ რეგიონში ბიზნესის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა უცხოეთში პარტნიორის მოძიებაა. ამიტომ სავაჭრო სამრეწველო პალატა ახალი ბაზრების მოსაძიებლად სავაჭრო მისიების შექმნას გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, საექსპორტო პოტენციალის ნაწილში მეწარმეებში არის განცდა, რომ ისინი ვერ მოიძიებენ ახალ პარტნიორს, არ არის ბაზრები დივერსიფიცირებული, მათ გამოცდილება არ აქვთ, არსებობს ენის ბარიერი. სწორედ ამ შემთხვევაში პალატა თავის პლატფორმას სთავაზობს, რადგან ეს არის ზოგადად პალატის ფუნქცია. თუ მაგალითად მეწარმე პარტნიორს ავსტრიაში ეძებს, ჩვენ ვუკავშირდებით ავსტრიის პალატას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სასურველი კომპანიის შესახებ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სანდოა, ყოველ შემთხვევაში ის კომპანია არსებობს და ის პალატის წევრია. შემდგომშიც ვცდილობთ, რაც შეიძლება დავეხმაროთ. გარდა ამისა, ვცდილობთ ახალი ბაზრები მოვიძიოთ და ამიტომ საზღვარგარეთ სავაჭრო მისიებს ვგეგმავთ. მაგალითად პირველი სავაჭრო მისია სპარსეთის ყურეში იქნება და სრულიად ახალ ბაზარს შევთავაზებთ მეწარმეებს, რომელიც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განმარტა ვეკუამ.

მისი თქმით, წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ინვესტიციების მოზიდვის ფუნქციასაც დაიმატებს.

„ახალი ფუნქცია არის ინვესტიციების მოზიდვა. პალატას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. 2019 წელს აირჩიეს ბატონი გიორგი პერტაია, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ინვესტიციების მიმართულებით მუშაობდა: იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, პირველი ბიზნესომბუდსმენი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი. მისი გამოცდილება ჩვენთვის სრულიად ახალია და ამიტომ ინვესტიციების მოზიდვა სრულიად ახალი სერვისი იქნება, რასაც ჩვენს წევრებს შევთავაზებთ“, – განუცხადა გიორგი ვეკუამ „ბიზნესპარტნიორს.