გიორგი ვეკუა - რეგიონში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა
რეგიონში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გარკვეულ რეგიონებში ბიზნესი თვლის, რომ ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამები მისთვის ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ვეკუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემაში აღინიშნა, რომ რეგიონის ბიზნესი პრობლემების გამოვლენის მიზნით, პალატა რეგიონული მასშტაბით ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს იწყებს.
დისკუსიის დროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაა, რის გამოც ბიზნესი თავს პროცესის მონაწილედ ვერ გრძნობს და პროგრამების ეფექტიანობა იკარგება.
„არის გარკვეული პრობლემები, რაც ყველა რეგიონს ახასიათებს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სახელმწიფო პროგრამების და პროექტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, სწორედ ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ძალიან კარგი პროექტები არსებობს, გარკვეულ რეგიონებში თვლიან, რომ ეს ინფორმაცია მათთან არ მიდის, ან ეს პროგრამები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად „აწარმოე საქართველო“, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სააგენტოები ძალიან კარგ პროგრამებს ნერგავენ. ყევლაზე ცუდი ამ დროს ის არის, რომ როცა მოსახლეობაში არის განცდა, თითქოს ეს პროგრამები მათთვის არ არის განკუთვნილი, ამ პროგრამების ეფექტიანობა იკარგება. იყო ცალკეული პრობლემები, როდესაც ტექნიკური უნარები არ გააჩნდათ, რომ ეს პროგრამები შეევსოთ. ეს გამოვავლინეთ და ახლა რიგი ტრენინგები ხორციელდება“, – განმარტა ვეკუამ.
მის მოსაზრებით, ბიზნესისთვის განწყობა გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
„ჩვენი შეფასებით, როგორც ეკონომიკის, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მრავალი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ბიზნესიდან წამოსული ინფორმაციით, უფრო მეტია გასაკეთებელი, მეტი კომუნიკაცია და უშუალო კონტაქტი ბიზნესთან. სწორედ ამას ემსახურება საჯარო დიალოგი, შეხვედრები, რასაც ვახორციელებთ და ჰქვია ღია დიალოგი ბიზნესთან. განწყობა გადამწყვეტია განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც წარმატების თუ წარუმატებლობის ისტორია ძალიან სწრაფად ვრცელდება. წარუმატებელი ისტორია ბიზნესისთვის არის დემოტივატორი. ამიტომ რაც შეიძლება ვცდილობთ, ყველა ბიზნესამდე მივიტანოთ ეს ხმა. ამისთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სამინისტროსთან, რომ ზოგადად საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატები და ბიზნესის მოსმენა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია“, – განუცხადა გიორგი ვეკუამ „ბიზნესპარტნიორს“.