გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ღონისძიებას „სარტყლისა და გზის“ 73 ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა 2015 წელს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. პალატა ფოკუსირებულია „ერთი სარტყელი და ერთი გზა“ სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე, ჰქმნის საერთაშორისო, შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ პლატფორმას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატას 82 ქვეყნიდან 218 წევრი ჰყავს და მილიონობით აფილირებული საწარმო აქვს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) წევრი 2016 წელს გახდა.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტებმა ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ გახდება საინვესტიციო პლატფორმა ბიზნესისათვის და შესაძლებელს გახდის მათი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას.