თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება (ფოტოები)
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ის პირები იმყოფებიან, რომელთა აყვანის სპეცოპერაციაც მიმდინარეობს, პოლიციის ყვითელი ლენტი აქვს შემოსაზღვრული.
კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი შენობაში რჩება, ხოლო მათ, ვინც დაკავების ოპერაციის დროს კორპუსში არ იმყოფებოდნენ, სამართალდამცავები შენობაში შესვლის საშუალებას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
უწყების ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.