თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულები აცხადებენ, რომ მათგან დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აიღეს
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულები აცხადებენ, რომ მათგან დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აიღეს

თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს მათი უფლებები დაირღვა. მათი თქმით, სამართალდამცველებმა დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აიღეს. ამის შესახებ ბრალდებულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„ენის ქვეშ ჩამიდეს ბამბისმაგვარი რაღაც, თითქოს „ბრიტვას“ ეძებდნენ და ასე აიღეს ნერწყვის ნიმუში. ასე დაირღვა ჩემი უფლებები“, – განაცხადა ლუკა ჩხეტიამ.

კიდევ ერთი ბრალდებული იური კორესტელოვი ამბობს, რომ დაკავების დროს კონსულთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა უთხრეს, რომ კონსულს ტელეფონი არ ჰქონდა.

„პოლიციელებმა ბოევიკი და ტერორისტი მიწოდეს. სასტუმროში დაკავებისას ადვოკატი არ გამომიყვეს, მითხრეს, რომ მხოლოდ სასამართლოში მეყოლებოდა. კონსულის მოყვანა ვითხოვე, მაგრამ მითხრეს, რომ კონსულს ტელეფონი არ აქვს. როცა სასტუმროში დაგვაკავეს, საკუთარი თავი არ წარადგინეს, მხოლოდ სპეცრაზმმა გვითხრა, ვინ იყო. დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აიღეს. კერძოდ, პოლიციის განყოფილებაში ჩემგან აიღეს ნერწყვის ნიმუში“, – განაცხადა კორესტელოვმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთს ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად, 5000-ლარიან გირაოს შესთავაზებს სასამართლოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი