თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირიდან, ხუთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირიდან, ხუთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისში, გასული წლის დეკემბერში სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირიდან, ხუთი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

როგორც პირველ არხს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაკავებულების 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეთანხმებოდა ბრალდების მხარეც, შესაბამისად, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გათავისუფლებულია უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე, ლუკა ჩხეტია.

რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, ​კურაგინსა და კლადკოს, მათი საქმე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ძირითად საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო.

2018 წლის 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სპეცოპერაციისას დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 4 დეკემბერს შეეფარდათ.

 

დატოვე კომენტარი