ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან გარკვეული კავშირები ჰქონდეთ
ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან გარკვეული კავშირები ჰქონდეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უკრაინის დაკავებული მოქალაქეების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს იარაღი ჩაუდეს, მათი სტრატეგიაა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იკვეთება თუ არა კავშირები სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიებას შესაძლო კავშირებზე ეჭვები აქვს.

„მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოძიებას გარკვეული ეჭვები შესაძლო კავშირებზე გააჩნია, თუმცა რეალურად სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ვატარებთ, რათა უფრო ნათელი სურათი შევქმნათ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ადამიანები სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან ბრალდებულები. განცხადებები იყო, თითქოს იარაღი ჩაუდეს და ა.შ. ეს მათი სტრატეგიაა და ბუნებრივია, ჩვენ არ ვადასტურებთ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, იარაღი ამოვიღეთ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი