თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს, ქვედა კიდურების მოტეხილობები.
დაშავებულები სასწრაფომ სტაციონარში გადაიყვანა.
როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, 15 წლამდე მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათივე ცნობით, მოზარდს უმნიშვნელო დაზიანება აქვს ფეხის არეში და ახლა ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
ორი პაციენტი „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, კიდევ ერთი კი „მედიქალ სითიში“ .
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).