ექიმი აცხადებს, რომ თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმი აცხადებს, რომ თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ევექსის“ კავკასიის ცენტრის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

როგორც ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, დაშავებული მამაკაცი რეანიმაციის განყოფილებაში ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„გუშინ დღის მეორე ნახევარში კავკასიის მედიცინის ცენტრში შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს ორი პიროვნება. 34 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა წელის და ტერფის მიდამოებში მსუბუქი დაზიანებები. პაციენტს დაუმუშავდა ჭრილობები, ჩაუტარდა სრული დიაგნოსტიკა და გაეწერა სახლში. რაც შეეხება 48 წლის მამაკაცს, მას აღენიშნებოდა მხრის ძვლის, წვივის ძვლებისა და წელის მეოთხე მალის მოტეხილობა. გუშინ ღამე ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური ჩარევა მხრის ძვლისა და წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი. დღეს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, წელის მეოთხე მალის ფიქსაცია. პაციენტი ამჟამად იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციის განყოფილებაში, ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე. მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე, თუმცა მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

გუშინ თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

დატოვე კომენტარი