ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება
ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევექსის“ კლინიკაში განუცხადეს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მამაკაცს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ორი პაციენტია შემოყვანილი, შუახნის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მამაკაცის მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. კერძოდ, არის მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა, წელის ძვალის მოტეხილობა. შეყვანილი არის საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია.

რაც შეეხება ქალის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს ქსოვილების დაჟეჟილობა. უტარდება კვლევები და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გაწერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ დიხამინჯიამ.

ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებულ პირებს შორის ერთ-ერთი არასრულწოვანია.

დატოვე კომენტარი