თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. სხდომაზე უკვე დაიკითხნენ ორი ფსიქოლოგი და ერთი ექსპერტი. ასევე იკითხება ვიტალი საფაროვის მეგობარი ოთარ გელაშვილი, რომელმაც დაკავებულების ბრალეულობა დაადასტურა. მოწმემ დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღე.
„ირაკლის მეგობრები რუსულად საუბრობდნენ, გაგვაცნეს ისინი. ვიტალი მალე შევიდა მათთან კონტაქტში. მაგ პერიოდში შევამჩნიე ორი უცნობი პიროვნება, სოხაძე, შანავა და კანდელაკიშვილი იქვე იყვნენ. ბელთაძე ნასვამი იყო და დაუწყო მათ საქართველოზე საუბარი, ხომ ქართველები ხართო. სოხაძე უთხრა – კიო. ირაკლი ისევ მივიდა ამ სამ პიროვნებასთან და საუბრის თემა ისევ საქარველოს თემა იყო. სოხაძემ უთხრა, რა გამიხურე საქმე, ვინმე იპოვე და სხვას დაელაპარაკეო, ამის შემდეგ შეიგინა. როდესაც დავინახე, რომ საუბარი დაიძაბა, ირაკლისთან მივედი, რა გაახურე ამ საქართველოზე საუბრით, ამის დედაც-მეთქი, რა დროსაც შანავამ მითხრა, რატომ აგინებ საქართველოსო. ამ დროს კანდელაკიშვილმა აქ კამერებია და იქით გავიდეთო. ვიტალის ეს საუბარი ესმოდა და ისიც წამოვიდა, მერე გზად მორჩილაძე შეგვხვდა, „საბვეისკენ“, ვიტალიმ გადაკოცნა და „საბვეის“ უკან ჩავედით. დავიწყეთ ლაპარაკი, რა დროსაც შანავამ ისევ მითხრა, რატომ შეაგინე საქართველოსო. არ შემიგინებია-მეთქი და მაშინ, ვინც საქართველოს შეაგინა, იმის დედაცო. ვიტალიმ თქვა მაგ დროს, რაზე კამათობთ, მე ებრაელი ვარ, არასამთავრობოში ვმუშაობო და ეთნიკურ უმცირესობს ვიცავო. შანავასთან ღიმილით მივიდა. ამ დროს სოხაძე მივიდა და უთხრა, ნახე ბიჭო დაგცინისო, რა დროსაც შანავამ დაარტყა. მორჩილაძემ დაქაჩა და ის დაეცა. ვიტალი წაბორძიკდა. ჩვენ ამ დროს სოხაძეს ვაჩერებდით. ამ დროს დავინახეთ კანდელაკიშვილი მარჯვენა ხელში დანით და მუცელში დაუწყო დარტყმა, მოკალი მაგის ებრაელის დედაცო. ამ დროს სოხაძე ავთოს უყვიროდა, მოკალიო და შემდეგ ვიტალი ძირს სისხლიანი დაეცა. ვიღაცამ დაიყვირა, გავიქცეთო და ვერცხლის ქუჩით გაიქცნენ. ჩვენ დავუწყეთ ვიტალის მოსულიერება, მაგრამ უკვე უკონტაქტო იყო. მალევე მოვიდა სასწრაფო, პატრული და შემდეგ ვიტალი საკაცეზე დავაწვინეთ“, – განაცხადა ოთარ გელაშვილმა.
უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით, ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. დანაშაული 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.