ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი გაიმართება. სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების წარდგენა მოხდება.

ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ორი ბრალდებული დაიკითხება.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა.

„მოსამართლის წინაშე წარდგება ის ორი დაკავებული პირი, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი საფაროვის მკვლელობის საქმეზე. ამ დრომდე ვიტალი საფაროვის საქმეზე მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა ბრალი წარდგენილი, ხოლო ბოლო დღეებში მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება და ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დღეს გასამართლდება ორი პირი. პროცესზე მოხდება იმ მტკიცებულებების წარდგენა, რაც ძირითადად სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება. ყველა მოწმის ჩამონათვალი, მოწმეთა ნუსხის დამტკიცება და ყველა ის მტკიცებულება, რითაც ბრალი აქვთ წარდგენილი. მოგეხსენებათ, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალი არის წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით“, – აღნიშნა „ადამიანთა უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გაიმართება.

„დღეს ასევე დაანონსებულია აქცია, სადაც საფაროვის ოჯახის წევრები, თანამშრომლები და მეგობრები შეიკრიბებიან. ეს აქცია არის მშვიდობიანი და გამოხატავს სოლიდარობას დაზარალებული მხარის მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.