ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართა [ფოტო]
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართა [ფოტო]

25 წლის უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმე სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა.

სასამართლომ არ შეუცვალა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება და ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა.

„ჩართულობისა და განვითარების ცენტრისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველები ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა.

ორგანიზაციების განცხადებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან სიძულვილს. ამ საქმეზე ორი პირის დაკავებული. მათ ბრალად ეხებათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა. თავდაპირველად, მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა წარდგენილი განზრახ მკვლელობის მუხლი, მოგვიანებით კი ბრალი გადაკვალიფიცირდა.

მანამდე, პროცესის დაწყებამდე ვიტალი საფაროვის ახლობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს რასიზმსა და ქსენოფობიას.