ადვოკატების განცხადებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს
ადვოკატების განცხადებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, – ამის თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატები საუბრობენ.

საუბარია მკვლელობაზე, რომელიც 30 სექტემბერს თბილისში მოხდა.

უფლებამდაცველების განმარტებით, გამოძიება პროკურატურამ ერთი პირის მიმართ  განზრახ მკვლელობის, მეორე პირის მიმართ კი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით დაიწყო. 

ადვოკატები გამოძიების მუხლების შეცვლას ითხოვენ, ვინაიდან ვიტალი საფაროვის მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ადვოკატების განცხადებით, მათ გამოკითხეს მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ ინციდენტს. მოწმეები ამბობენ, რომ მკვლელობაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა.

მათი თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულებმა გაიგეს მოკლულის რუსულ ენაზე საუბარი.

ადვოკატების ინფორმაციით, მკვლელობის მონაწილეები ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.