თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაიას პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა დახურა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, სახეზეა შესაძლო სქესობრივი დანაშაულის ნიშნები, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გუშინ წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.