გოგი წულაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გოგი წულაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გოგი წულაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა. მისი განმარტებით, გოგი წულაიას ბრალი სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.დ.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა.

აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გ.წ.-მ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში – ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გ წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, შსს-მ პოლიტიკოსი გოგი წულაია რადენიმე დღის წინ დააკავა და თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი