თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა დღეს 10:00 საათზე განახლდება. ეს იქნება ნაწილობრივ დისტანციური სხდომა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო დარბაზში მხოლოდ მხარეები ისხდებიან, თავად ბრალდებული კი, პროცესს დისტანციურად ვიდეოზარის მეშვეობით დაესწრება.

პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს. ისინი ექსპერტ-კრიმინალისტები არიან.

ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც უკავშირდება მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ასევე ტელეკომპანია „მთავარ არხს“, რომლის მეწილეც არის რურუა. ბრალდების მხარის პოზიციით კი, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც რურუას დანაშაულს ადასტურებს.

რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.