თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საზოგადოებას თბილისში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სივრცის მოწყობის და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით ინიციატივა გააცნო.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ინიციატივები საზოგადოებრივ ორგანიზაციას „ისრაელის სახლი“ და საქართველოში ისრაელის საელჩოსაც აქვს.
„27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე გვსურს, თბილისიც ამ ქვეყნებს შეუერთდეს და ჩვენ დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სივრცე დაარსდეს. საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება ფართო კონსენსუსის გზით, საზოგადოების და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების ჩართულობით მოხდება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სიტყვით გამოსვლისას, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თბილისი იქნება ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის სივრცე მოეწყობა. ეს იქნება ადგილი, რომელსაც მოინახულებს ამ ქალაქის ყველა სტუმარი. ჩვენ ერთად მოვაწყობთ ამ სივრცეს და ერთობლივად მივაგებთ პატივს 6 მილიონ მსხვერპლს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა აღვნიშნავთ, რომ ჰოლოკოსტი დავიწყებას არასოდეს მიეცემა და არასოდეს განმეორდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე მიესალმნენ.
ღონისძიება გაერო-ს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა და მას თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ძალებმა აუშვიც–ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს და ევროპაში უდიდესი ნაცისტური სასაკლაო აღმოაჩინეს. აუშვიცი ადამიანის მიერ ჩადენილი უდიდესი სისასტიკისა და ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა. 2005 წლის ნოემბერში გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციის თანახმად, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.