გიორგი ტყემალაძე - ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, წლებია, ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს თანამოქალაქეებს
გიორგი ტყემალაძე - ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, წლებია, ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს თანამოქალაქეებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი ორ მილიარდ ლარზე მეტი ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეძლებს.

„ეს არის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, რაც, სამწუხაროდ, მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ოპონენტებისთვის, ეს ძალიან გასაკვირია. მათ ბიუჯეტის ზრდა დაუკავშირეს გარკვეულ წინასაარჩევნო ღონისძიებებს. ბიუჯეტის ზრდა თბილისელების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებითაა განპირობებული. ეს პროექტები უკავშირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაღებს, ჯანდაცვასა და უამრავ სხვა პროექტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ბიუჯეტში ცვლილებებს, განსხვავებით ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისაგან, რომლებიც, უკვე წლებია, ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს განსახილველ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძის კანდიდატურის წარდგენას ეხება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გიორგი ხვედელიძე გამოცდილი კადრია, რომელსაც დღემდე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბადრი გიორგიძეს გაწეული სამუშაოსთვის. ბადრი გიორგიძე საქმიანობას „თბილსერვის ჯგუფში“ გააგრძელებს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.