თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ალილოს ტრადიციულ მსვლელობას შეუერთდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თავისუფლების მოედანზე მეალილოეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და მათ საჩუქრად საშობაო ნობათი და ტკბილეული გადასცეს. ალილოს მსვლელობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ქრისტეშობას სიყვარულის, სიკეთის, მომავლის რწმენისა და იმედის დღესასწაული უწოდა და სრულიად საქართველოს მშვიდობა უსურვა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, ქრისტეშობა ხომ სიყვარულით, სიკეთით, განახლებით და იმედით სავსე დღესასწაულია. მინდა, ყველას ვუსურვო სიკეთე, ბევრი სიხარული, მშვიდობა – ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამშობლო სულ მალე გაერთიანებული და გამთლიანებული იქნება. ვულოცავ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს და მოხარული ვარ, რომ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ტრადიციულად, ვუერთდებით და ვმონაწილეობთ ალილოს დღესასწაულში, რომელიც ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკვე მრავალი წელია აღდგა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქრისტეშობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოეებმა, რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, მსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემდა.
შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.