თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში თავდასხმის მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას, ასევე დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში თავდასხმის მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას, ასევე დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარი თავდასხმის მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ მათ საკრებულოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა ასევე, დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გათავისუფლება.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, უკვე არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს.

„გუშინ ყველანი ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მოწმეები. „ქართული ოცნების“ „ტიტუშკების“, პოლიციის, სუს-ის „ნასეტკების“ მონაწილეობით ვნახეთ დანაშაულებრივი ჯგუფური თავდასხმა, მათ უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი საკრებულოში გამოდის და ითხოვს, დაისაჯოს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე, ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, რუსული მთავრობა, მზად არიან, სახლთან დახვდეს სუს-ის 40-მდე აგენტი, სუს-ის „ნასეტკა“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების, მშობლების თვალწინ. რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალები, ლაჩრები, არაადამიანები, არაკაცები ამას ვერ გაბედავდნენ. სამწუხაროდ, უკვე არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ჩვენ კითხვები გვაქვს როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, რადგან ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც საკრებულოში დაიწყო, კრიტიკულ აზრს მოჰყვა, ასევე კითხვები გვაქვს სუს-თან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან.

მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, სუს-ის „ნასედკები“, არამედ დაისაჯონ დამკვეთები და ორგანიზატორები, რომლებიც უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუს-სა და პოლიციაში. გარდა ამისა, ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაპატიმრებული ადამიანები, დაკავებული არიან ჩვენი კოლეგა ზვიად კუპრავა, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე. ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდათ კითხვები: მაშინ, როდესაც იკრიბებოდა, 40-50 ადამიანი გროვდებოდა და ცნობილი ხდებოდა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, სად იყო პოლიცია?“ – განაცხადა ნადირაძემ.

გუშინ გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, გლდანში დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკრებულოს დეპუტატისა და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.