ირაკლი კობახიძე - გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება, კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, საუბრობენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები
ირაკლი კობახიძე - გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება, კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, საუბრობენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები

ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა აბსოლუტურად არასერიოზულია. მან იმ განცხადების გამო სინანული გამოხატა, რომელიც სხდომათა დარბაზში გააკეთა, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის წევრებისთვის ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა ბოდიშის მოსახდელად მათ ღირსება არ ეყოფათ.

„ახლა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერია. მათ უმრავლესობის წევრებისთვის ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ღირსება არ ეყოფათ. ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული.

წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა იუზრდელოს? ან პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ. ეს ყველაფერი უზრდელობაა და არა პოლიტიკური შეფასება. როცა დეპუტატებს პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევ, ეს სხვა რამეა და როცა ვიღაცები უზრდელური განცხადებებით გამოდიან, ეს – სხვა. ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ასე შემდეგ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება, თითოეულ ჩვენგანს ამაში გარკვეული წვლილი ჰქონდეს შეტანილი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროა, რომ პარლამენტის შიგნით ამ ყველაფერში განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. უფრო მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან  ქალ დეპუტატებს იფარებენ. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. ზოგადად, უზრდელობა სისუსტის გამოხატულებაა და როცა ბოდიშს არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ეს პოლიტიკური პარტია ქალიან-კაციანად უზრდელობენ, სავსეა უზრდელებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.