თბილისის საკრებულომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცა
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებიდან მხოლოდ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ესწრებოდა.
მისი თქმით, ქალაქში არსებული ურბანული ქაოსის ფონზე, აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება არა ურბანისტი და ამ საქმის სპეციალისტი ადამიანი, არამედ ადამიანი, რომელიც სამშენებლო ბიზნესიდან მოდის.
„ეს ადამიანი მოდის m2-დან, ნამუშევარი აქვს ივანიშვილის კომპანიებში და დღეს ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ” ამით არჩევანი გააკეთა არა თბილისელების ინტერესებზე, არამედ თბილისში მოქმედი სამშენებლო კომპანიების ბიზნეს ინტერესებზე“, – განაცხადა ნადირაძემ.
მმართველი გუნდისთვის კი, ოპოზიციის კრიტიკა და ტოგონიძის საწინააღმდეგო არგუმენტები მიუღებელია. ისინი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ალექსანდრე ტოგონიძეს აქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ ურბანულ სამსახურს სათანადოდ გაუძღვეს.
თავად ალექსანდრე ტოგონიძემ წარდგენისა და მხარდაჭერისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„უნდა იყოს სწორი, ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარება, როგორც სატრანსპორტო, ისე ეკოლოგიური და ეკონომიკური კუთხით. ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და შესაბამისად, ჩვენ ამ გზას და მიმართულებას განვაგრძობთ. გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, პროცესების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, რომ ყველა ადამიანისთვის, ვისაც ურბანულ სამსახურთან ექნება შეხება, ბარიერი მაქსიმალურად შემცირებული და ჩვენთან მუშაობა კომფორტული იყოს“, – განაცხადა ტოგონიძემ.
ალექსანდრე ტოგონიძემ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რუსუდან მირზიკაშვილზე შეცვალა.
ტოგონიძე ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ წარადგინა. მანამდე კი, ის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.