თბილისის საკრებულო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვას იწყებს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგი გამართა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, გენერალურ გეგმაზე მუშაობა თბილისის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ უკვე დაასრულეს და დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ყველა ის ხარვეზი, რომელზეც კერძო თუ საჯარო ფორმატში არაერთხელ გაიმართა მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, გენერალური გეგმა ინარჩუნებს მთავარ – მწვანე, შეკავშირებული ქალაქის კონცეფციას, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად დაემატა მედეგობის კომპონენტი,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე დოკუმენტში დაზუსტდა გენერალური გეგმის განხორციელების გზები, ინსტრუმენტები, კვლევების და სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვის ეტაპები.
„მაქსიმალურად აღმოიფხვრა ზონირების, რუკის და კერძო საკუთრებებთან დაკავშირებული ხარვეზები. შედეგად, საკრებულოში შემოსულია მნიშვნელოვნად დახვეწილი დოკუმენტი, რომელმაც არსებითი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქალაქის გეგმაზომიერად განვითარებაში,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე გადადის და დღეიდან უკვე საკრებულო ოფიციალურად დაიწყებს დოკუმენტის დეტალურ შესწავლას, გაანალიზებას, კომისიურ და სხვა ფორმატის საჯარო განხილვებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციას აქტიურად ჩაერთონ განხილვის პროცესში.
„თბილისის საკრებულოს კომისიები კიდევ ერთხელ დეტალურად იმსჯელებენ დოკუმენტში მოცემულ მიმართულებებზე. ვიმედოვნებ, რომ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები აქტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ამ პროცესში, ვინაიდან სრულფასოვანი და დახვეწილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება თითოეული თბილისელის ინტერესებში შედის”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღოს ქალაქის ინტერესებისთვის ყველაზე შესაფერისი დოკუმენტი, რომელშიც ყველა მიმართულება და დეტალი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გენერალური გეგმა ქალაქს კარგად გააზრებული, გეგმაზომიერი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.