„თბილისის მერიის გაზრდილი ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მიმართული მუნიციპალური ტრანსპორტის გადაიარაღებისთვის“
„თბილისის მერიის გაზრდილი ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მიმართული მუნიციპალური ტრანსპორტის გადაიარაღებისთვის“

ჰაერის დაბინძურება გამოწვევად რჩება არა მარტო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, არამედ განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

„ჰაერის დაბინძურებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ესაა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე, სამწუხაროდ, ჩვენ რეალურ შედეგს ვერ მივაღწევთ იმ ქაოტური განაშენიანების, ტრანსპორტის განვითარების, ლანდშაფტური მწვანე განვითარების ფონზე, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ შექმნა”, – განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანად იყო განადგურებული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი.

„საბიუჯეტო სახსრებითა და დონორების დახმარებით, ეს სისტემა ნელ-ნელა, ეტაპობრივად აღდგა და დღეს გვაქვს საშუალება, საქართველოს 6 დიდ ქალაქში მონიტორინგი ვაწარმოოთ. ესაა სწორედ რადიკალური ნაბიჯი”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მაია ბითაძემ ავტომობილების ტექდათვალიერების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება.

„თბილისის მერიის გაზრდილი ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მიმართული, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაიარაღებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ წელს პირველი არჩევნები იყო, როცა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ყველაზე დიდი სოციალური მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის ამოუვსებელი ქვევრი, რომელიც არასდროს არ ამოივსება, სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანები ჯანსაღ ჰაერს არ სუნთქავენ.

შესაძლოა, გარკვეულმა ადამიანებმა ვერ შეძლონ თავიანთი ავტომობილების ტექდათვალიერების გავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ და მათი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა ექნებათ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ტექდათვალიერების გადავადება სისტემის მოშლილობამ გამოიწვია.

„რეალურად, ტექდათვალიერების სისტემა მთლიანად იყო მოშლილი. არსებობდა თეორიული ტექდათვალიერება დიდი მანქანებისთვის, რომელიც რეალურად არ მოქმედებდა, რადგან მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა. თუ ამ სისტემაზე ეტაპობრივად არ გადავედით, ერთი ხელის მოსმით არაფერი არ გაკეთდება. მიღებულ უნდა იქნას სამართლებრივი აქტები, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა დაემთხვეს – ობიექტებმა უნდა შეძლონ, ავტომობილები მიიღონ და ისინი შესაბამისი ტექდათვალიერებით უზრუნველყონ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სამოქალაქო აქტივისტის, გოგა ჩანადირის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მანქანების რაოდენობის შესამცირებლად ევროპულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის დანერგვა და ქალაქის ცენტრალურ უბნებში კერძო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საკითხი ძალიან მასშტაბურია და პრობლემის გადაწყვეტას კომპლექსური ღონისძიებების გატარება სჭირდება.

„ამჟამად, მომავალი წლისთვის მუშავდება ნაკადების დათვლა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება. ჭკვიან შუქნიშნებზე ვაპირებთ მონიტორინგის მინი სადგურების დამონტაჟებას, რომელიც ჰაერის მონაცემებს იქვე გვაჩვენებს და რაც ურბანულ დაგეგმარებაში ძალიან დაგვეხმარება. ასევე, უკვე ვაპილოტებთბასლეინების” პრიორიტეტულობას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.