თბილისის მერიასთან ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
თბილისის მერიასთან ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისის მერიაში ატენის ქუჩის მცხოვრებლების, მათი ადვოკატისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით ატენის ქუჩაზე მდებარე სადავო კორპუსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

პარალელურად, მერიის წინ ატენის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან ის ადამიანებიც, რომლებიც კორპუსში ბინების მიღებას ელოდებიან და კორპუსის მშენებლობის დასრულება სურთ.

როგორც ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღეს გადაწყდება მშენებლობის შეჩერების ან ბათილად ცნობის საკითხი.

„ვითხოვთ, რომ დაუყონებლივ შეჩერდეს კალაძის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. დღეს გადაწყდება მშენებლობის შეჩერების ან ბათილად ცნობის საკითხი. ეს არის ძალიან პრინციპული არა მარტო ატენის ქუჩისთვის, არამედ მთლიანად თბილისისთვის, აქედან გამომდინარე, მერიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება შემდგომ ამ უსახურ შენობებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა, რომელსაც უხელმძღვანელებს თბილისის მერია და მხარეები იქნებიან არქიტექტურის სამსახური, მოსახლეობა და ასევე დაინტერესებული პირები. ჩვენ კატეგორიულად მივითხოვთ დღეს სულ მცირე მშენებლობის ნებართვის შეჩერებას. არსებითად დღეს საქმე გადაწყდება. დღეს ორიდან ერთი პასუხი გვექნება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯერ შეჩერდეს მშენებლობა და ბათილად იქნეს ცნობილი მშენებლობის ნებართვა და ამ ფორმით არ აშენდეს ეს ნაგებობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება თავად ატენის ქუჩის მცხოვრებლებს, მათი განცხადებით, ისინი ითხოვენ მშენებლობის შეჩერებას, ხოლო ისინი ვინც ბინების აშენებას ელიან, დაკმაყოფილდნენ იმით, რაც არის უკვე აშენებული.

„ატენის ქუჩა არის ზედმეტად პატარა იმისათვის, რომ 27-სართულიანი მონსტრი დაემატოს. ისედაც არის მზის უკმარისობა ბეტონის მონსტრების გამო. ეს იქნება პრეცედენტი და ამით მერია ხაზს გაუსვამს, რომ მართლაც არის მოწადინებული იმაზე, რომ ქალაქი აღარ დამახინჯდეს“, – განაცხადა ლევან ნაკაშიძემ.