უჩა ზაქაშვილი - მერიას შეუძლია, ატენის ქუჩაზე K2 კოეფიციენტის გაზრდაზე წინა მერის დასაბუთება დაიწუნოს
უჩა ზაქაშვილი - მერიას შეუძლია, ატენის ქუჩაზე K2 კოეფიციენტის გაზრდაზე წინა მერის დასაბუთება დაიწუნოს

მერიის ახალ ხელმძღვანელობას შეუძლია, ატენის ქუჩაზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით წინა მერის მიერ დადებული დასაბუთება დაიწუნოს, რომელიც, ცოტა არ იყოს, ცინიკურია, – განაცხადა სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თბილისის მერიის წინა ხელმძღვანელობის პირობებში, ატენის ქუჩაზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის ერთ–ერთ მთავარ არგუმენტად დასახელებულია, რომ ატენის ქუჩაზე ისედაც ცუდი განაშენიანებაა, ქალაქმშენებლობითი პარამეტრები ისედაც დარღვეულია და შენობა ერთით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები, ამით არაფერი შეიცვლება. კ2–ის გაზრდის დასაბუთების კონტექსტი ასეთია. დასაბუთების სტანდარტი კი, ასეთი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ზაქაშვილმა.

მისი თქმით, იმ დროს, ატენის ქუჩის მოსახლეობამ მერიაში განცხადება შეიტანა, რომლის საფუძველზეც მოქალაქეები, როგორც დაინტერესებული პირები, საკუთარი პოზიციების წარდგენას ითხოვდნენ, რაზეც მათ უარი უთხრეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს მერიამ ასეთ დროს, როცა დოკუმენტი წინამორბედის მიერ გაიცა, უჩა ზაქაშვილმა თქვა, რომ მერიამ დოკუმენტი უნდა შეაფასოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის დასაბუთებული არ არის, გააუქმოს და რაკი უკვე საბჭო აღარ არის, ახალ ორგანოს ხელახალი მსჯელობა დაავალოს.

„ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუნდაც, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის კუთხით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება მოხდეს“, – განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.