ირაკლი ხმალაძე - ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს
ირაკლი ხმალაძე - ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს

ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე გადაწყდა, რომ ატენის ქუჩაზე მშენებლობა არ შეჩერდება, – აღნიშნული განცხადება თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეყრდნობა.

„ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ოქტომბრის თვეში 2017 წელს არ შეაჩერა ამ მშენებლობასთნ დაკავშირებით არსებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესი, ვინაიდან არც მაშინ და არც დღეს არ არსებობდა ამის სათანადო სამართლებრივი გარემოებები და საფუძვლები“,- განაცხადა ხმალაძემ.

ვიცემერის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ ჯერ მხოლოდ მშენებლობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა.

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის გაგრძელების უფლება ინვესტორმა მიიღო.

ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, ის ადამიანები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.