ამხანაგობა „ატენი 19-ის“ ადვოკატი - ყველაფერი იმ სტანდარტებშია, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს
ამხანაგობა „ატენი 19-ის“ ადვოკატი - ყველაფერი იმ სტანდარტებშია, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს

განგვესაზღვრა დამატებითი დრო წერილობითი მტკიცებულებების წარმოსადგენად და ამის შემდგომ გაგრძელდება ატენის ქუჩაზე მდებარე სადავო კორპუსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა, – ამის შესახებ ამხანაგობა „ატენი 19-ის“ ადვოკატმა ლაშა უფლისაშვილმა თბილისის მერიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ აქვთ ყველანაირი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ახორციელებენ მშენებლობას, შესაბამისად, შენობის სართულიანობა ზიანს აყენებს თუ არა მიმდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მისი განცხადებით, ეს უკვე შეფასების საგანია.

„ამის დამადასტურებლად მათ აქვთ საშუალება, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ. ჩვენი მოსაზრებით, ასეთი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, თუმცა ზუსტად ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. დღეს ადმინისტრაციული განხილვა დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. ჩვენ დამატებითი დრო განგვესაზღვრა, რომ წარმოვადგინოთ წერილობითი მტკიცებულებები და ამის შემდგომ კვლავ გაგარძელდება განხილვა“, – განაცხადა უფლისაშვილმა.

რაც შეეხება კორპუსში უსაფრთხოების ნორმების დაცულობის საკითხს, როგორც უფლისაშვილი აცხადებს, სატრანსპორტო გამტარუნარიანობა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დაცულია.

„ყველაფერი იმ სტანდარტებშია, რასაც ითხოვს მოქმედი კანონმდებლობა“, – აღნიშნა ლაშა უფლისაშვილმა.