თბილისის მერია დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის
თბილისის მერია დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
„ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლო, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება, აქედან დაახლოებით 50% არის 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება.
„ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ელექტრომობილების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა.