პოლონეთში ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
პოლონეთში ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

პოლონეთში 12 ივლისიდან ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პროგრამა გავრცელდება ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე.

კლიმატის საკითხებში პოლონეთის მინისტრის მოადგილემ, ირენეუშ ზისკამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდია 18 750 (ოთხი ათასამდე ევრო) ზლოტს, ხოლო მრავალსულიანი ოჯახებისთვის – 27 000 ზლოტს (ექვსი ათასამდე ევრო) შეადგენს.

სუბსიდირების მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ კომპანიები, ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 110 მილიონი ევროა გამოყოფილი. „მწვანე ავტომობილების“ შეძენის სუბსიდირების პროგრამა 2025 წლამდე იმოქმედებს.