კახა კალაძე - „მთავარი არხის“ სიუჟეტში ნაჩვენები იყო „პირიმზის“ საკუთრებაში არსებული პარკინგი და საუბრობდნენ, თითქოს მასზე ფული მერიამ დახარჯა  
კახა კალაძე - „მთავარი არხის“ სიუჟეტში ნაჩვენები იყო „პირიმზის“ საკუთრებაში არსებული პარკინგი და საუბრობდნენ, თითქოს მასზე ფული მერიამ დახარჯა  

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით ტელევიზიით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა პარკინგზე ისაუბრეს, რომელიც არის კერძო საკუთრება და არის მძიმე მდგომარეობაში.

„გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. საუბარია მიწისქვეშა პარკინგზე. წამოვიდა ბრალდება, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში განახორციელა პარკინგის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფაქტობრივად, ახალი პარკინგი ავაშენეთ. წარმოადგინეს სხვა პარკინგი და თქვეს, თითქოს ეს იყო ის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა და დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მე ვუთხარი, ეშლებოდათ და იყო სხვა პარკინგი, სიუჟეტი მაინც ისე გააკეთეს, როგორც სჩვევიათ და შეეცადნენ, მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში. ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა მიწისქვეშა პარკინგზე, რომელიც არის კერძო, „პირიმზის“ საკუთრება. ეს არის კერძო პარკინგი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და ისაუბრეს ისე, თითქოს ჩვენ აქ დავხარჯეთ ფული. ეს იყო ტყუილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, იგეგმება ასევე კერძო საკუთრებაში არსებული პარკინგის რეაბილიტაციაც.

„პრობლემაა, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი პარკინგი ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ შეგეძლოთ გეთქვათ და მიგეწოდებინათ, რომ ეს იყო სხვა და არა ის, რომ ეს იყო ჩვენი განხორციელებული პროექტი და ამაში დაიხარჯა ფული. იგეგმება ამ პარკინგის რეაბილიტაციაც, ჩვენ ამაზე გვქონდა კონსულტაცია და ესეც იქნება განახლებული და მოწესრიგებული, ოღონდ არა მუნიციპალიტეტის თანხებით, არამედ ვისიც არის იმის თანხებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.