„თბილისის პარკინგის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი ამოქმედდა
„თბილისის პარკინგის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი ამოქმედდა

„თბილისის პარკინგის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი ამოქმედდა. შესაბამისად, დღეიდან მძღოლებს საშუალება ექნებათ, „თბილისის პარკინგის“ სმს შეტყობინების სერვისით ისარგებლონ, რომლის გასააქტიურებლად აუცილებელია, მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია „თბილისის პარკინგის“ ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parking.tbilisi.gov.ge.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენილი პარკირების საშვის მოქმედების ვადა;  შეძენილი პარკირების საშვის ვადის ამოწურვის შეტყობინება 10 დღით ადრე; ავტოსატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით); საურავის დარიცხვის შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით); სპეციალურ საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ.

მომსახურების გასააქტიურებლად მომხმარებელს შეჰყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი/ან პირადი ნომერი (ვის სახელზეც არის ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული) გრაფაში „sms შეტყობინების გამოწერა“. ამის შემდეგ დაფიქსირებულ მობილურ ნომერზე იგზავნება სპეციალური ტრანზაქციის კოდი, რომელიც მომხმარებელმა შესაბამის გრაფაში უნდა შეიყვანოს, რის შემდეგაც მომსახურების გააქტიურების შესახებ დასტურს მიიღებს.