თბილისის 178-ე სკოლის მასწავლებელი - აუცილებლად გვჭირდება მეტი სკოლა, მეტი საკლასო ოთახი და ამ ოთახებში კონკრეტული საგნობრივი რესურსი
თბილისის 178-ე სკოლის მასწავლებელი - აუცილებლად გვჭირდება მეტი სკოლა, მეტი საკლასო ოთახი და ამ ოთახებში კონკრეტული საგნობრივი რესურსი

მე ვისაუბრებ იმაზე, როგორ გავხადოთ მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი და რა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ კომფორტულად, – ამის შესახებ თბილისის N178 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამარ ცანაცამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვჭირდება ის, რომ მოსწავლე იყოს კომფორტულად. შესაბამისად, იმ გარემოში, სადაც მოსწავლე თავს კარგად გრძნობს, ჩვენც კარგად ვგრძნობთ თავს. როგორ უნდა იყოს მოსწავლე კომფორტულად, როცა სკოლებში, ძირითადად, განსაკუთრებით, თბილისის სკოლებში, საკლასო ოთახები გადატენილია. 30-35 ბავშვი ზის საკლასო ოთახში. ესე იგი, რა გვჭირდება? მეტი სკოლა. ვხედავთ, რომ თბილისში შენდება კორპუსი, კორპუსი, კორპუსი და სკოლა ერთია. ანუ, აუცილებლად გვჭირდება მეტი სკოლა, მეტი საკლასო ოთახი; გვჭირდება ამ საკლასო ოთახებში კონკრეტული საგნობრივი რესურსი, რომელიც შეიძლება, თბილისში კონკრეტულ სკოლას ჰქონდეს, მაგრამ რაიონებში ძალიან რთული სიტუაციაა, განსაკუთრებით, საზღვრისპირა სოფლებში და მაღალმთიან რაიონებში“, – განაცხადა ცანავამ.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია, გადაიხედოს დამრიგებლის ინსტიტუტი.

„ასევე გვჭირდება ის, რომ დამრიგებლობა და დამრიგებლის ინსტიტუტი გადაიხედოს, ხელფასიდან დაწყებული, ნებისმიერი პატარა დეტალით დამთავრებული. ხომ არ სჯობს, დამრიგებლობა იყოს ცალკე გამოყოფილი, როგორც ეს, ვთქვათ, ევროპულ სკოლებშია? როდესაც შენ ოცდაათი მოსწავლე გაბარია და მთელი დღე ხარ მათზე რაღაცნაირად გადაჯაჭვული, ამავდროულად აკეთებ შენს საგნობრივ საქმეს, ამავდროულად ხარ რეპეტიტორი და ამავდროულად ათას ბიუროკრატიულ დოკუმენტს ავსებ, როდესაც სახლში ბრუნდები, შემაჯამებლების შესწორებიდან დაწყებული, პროექტების წერით გაგრძელებული და ა.შ. ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფრის სათანადოდ გაკეთება. ეს ბიუროკრატიული ელემენტები, რა თქმა უნდა, არის ხოლმე მასწავლებლობის ნაწილი, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, მართლა ძალიან ზედმეტია. ძალიან ბევრი საწერი გვაქვს მასწავლებლებს“, – განაცხადა ცანავამ.

თბილისის N178 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემაში ახალგაზრდების მოზიდვა ვერ მოხდება იქამდე, ვიდრე სკოლიდან დაფასებული არ გავლენ მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში 40-50 წელია ასწავლიან და რომელთა ზურგზეც გადაიარა 90-იანმა წლებმა, როცა ისინი თითქმის უხელფასოდ მუშაობდნენ.

„როგორ გავიდნენ დაფასებული, როდესაც 300-400 ლარი აქვთ პენსია და ზუსტად იციან, რომ იმ ევროპელ მასწავლებელს ვერასდროს ვერ შეედრებიან, რომელიც თავისი პენსიით მერე მოგზაურობს, 60 წლამდე მუშაობს და ზოგავს. მე ამ საკითხს არ მოვეშვები. მე ჯერ პენსიამდე ძალიან დიდი დრო მაქვს, მაგრამ რატომაც არა?! როგორც პოლიციელი გადის ოცი წლის მერე პენსიაში, მოდით, მასწავლებელიც გავიდეს ორმოცი წლის მერე პენსიაში, თუ უნდა. იქნებ დაიღალა ეს ხალხი, უბრალოდ, ბავშვების ერთგული არიან და ვერ გადიან. მე მგონი, კარგი იქნება, ეს ინიციატივაც გადაიხედოს“, – განაცხადა ცანავამ.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ უფრო მეტად გაფართოვდება პროექტი, რომლითაც მაღალმთიან სოფლებში მასწავლებელთა წახალისება ხორციელდება.

„იქნებ ცოტა მეტი რესურსი გამოვყოთ. მაგალითად, ჩემი მეუღლე გურიიდან არის და მის სოფელში ბავშვი არ არის, რომ ჩავიდეს და ბავშვს ეთამაშოს. მე ძალიან დიდი სიამოვნებით წავალ გურიის რომელიღაც სოფელში, თუ სახელმწიფო მომცემს რაღაც იაფ სესხს, ხელფასს უფრო მეტს მომცემს, ვიდრე თბილისის მასწავლებელს აძლევს და შემიქმნის შესაბამის პირობას; წავალ და ვიცხოვრებ რამდენიმე წელი, მერე კი რომელიმე სხვა კოლეგა ჩამენაცვლება. ხომ არის ეს პროექტი, მაგრამ არ არის იმდენად მიმზიდველი, რომ კიდევ მეტი და მეტი ახალგაზრდა წავიდეს“, – განაცხადა თამარ ცანავამ.