„თავისუფალმა საქართველომ“ ზემო იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
„თავისუფალმა საქართველომ“ ზემო იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები დღეს ზემო იმერეთში ჩავიდნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად როსტომ ცარციძე წარადგინეს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება და ამ პროცესების განვითარებას „თავისუფალი საქართველო“ აქტიურად შეუწყობს ხელს.

„ჩვენი მხარდამჭერები საქართველოს ყველა რეგიონში არიან, მათ შორის ამ ულამაზეს კუთხეში, ამიტომაც ჩვენი ამომრჩევლების წინაშე დღეს წარვადგენთ ადამიანს, რომელიც მზად არის, ზემო იმერეთის მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას და მთელი თავისი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოახმაროს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატობის კანდიდატმა როსტომ ცარციძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ძირითადი პრობლემა ის განუხორციელებელი დაპირებებია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან თავის დროზე უხვად გაიცა, თუმცა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

„მასობრივი უმუშევრობა და უიმედობაა ქვეყანაში. კვლავ მოუგვარებელია სასმელი წყლის, გზების სისტემები, რეგიონი მოსახლეობისგან იცლება, განსაკუთრებით კი, მშობლიურ მხარეს ახალგაზრდები ტოვებენ იმის გამო, რომ მათ აქ ცხოვრებისა და განვითარების თითქმის არანაირი პერსპექტივები აღარ გააჩნიათ“, – განაცხადა როსტომ ცარციძემ.

„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თამარ ფაჩულიას ფოთში წარადგენს.