თავდაცვის სამინისტრო - ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.