ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, სხვადასხვა სახის საქმიანობით დაკავებულ პირებს, მათ შორის, ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
გაგუას განმარტებით, აღნიშნული სტატუსი მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი შემოსავალი დაადეკლარირონ და ამავე დროს, არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ჰქონდეთ.
„აღნიშნული ცვლილება ემსახურება იმას, რომ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა, მაგალითად, ტაქსის მძღოლები შესაძლებელია, დარეგისტრირდნენ მიკრომეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, არ ექნებათ ვალდებულება სალარო აპარატის ქონის და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი საქმიანობით დაკავებულ პირებს მაგალითად შეზღუდვები არ შეექმნათ იგივე სესხთან წვდომაზე. ასეთ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი ისე, რომ არანაირი გადასახადი არ გადაიხადონ და შესაბამისად, სალარო აპარატის ქონის აუცილებლობაც არ ექნებათ“, – განაცხადა გაგუამ.
მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტაქსის მძღოლების საქმიანობა ლიცენზირებას დაექვემდებარა, მათთვის მიკრომეწარმის სტატუსით დარეგისტრირებაც შესაძლებელი ხდება, რაც აქამდე არ იყო.
„ბუნებრივია, ეს ნებაყოფლობითი იქნება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული მომხიბლავი საგადასახადო რეჟიმი ყველა მძღოლისთვის მიმზიდველი იქნება“, – განაცხადა გაგუამ.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს – რეპეტიტორებს, ძიძებს, მიკრომეწარმის სტატუსით სარგებლობა მათაც შეუძლიათ და აქამდეც შეეძლოთ – წლიურად 30 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში, რაც მიკრომეწარმეობის ზედა ზღვარია, 0 პროცენტიანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს; ხოლო თუ შემოსავალი 30 000 ლარს გადააჭარბებს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მცირე მეწარმის სტატუსი, დაბეგვრის 1 პროცენტიანი რეჟიმით.