თანამგზავრული მონაცემები მიუთითებს, რომ არქტიკაში ყინული საგანგაშო მაჩვენებლით დნება — #1tvმეცნიერება
თანამგზავრული მონაცემები მიუთითებს, რომ არქტიკაში ყინული საგანგაშო მაჩვენებლით დნება — #1tvმეცნიერება

ახალი თანამგზავრული მონაცემები ცხადყოფს, რომ არქტიკა „საშინელი მაჩვენებლით“ დნება, რისი მიზეზიც ადამიანების საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირებია.

მონაცემები აჩვენებს, რომ სეზონის ბოლოს, არქტიკის მრავალწლიანი ზღვის ყინული, ანუ ყინული, რომელიც რამდენიმე წელიწადს ძლებს, 2021 წელს რამდენიმე სანტიმეტრით უფრო თხელი იყო, ვიდრე 2019 წელს; ეს გახლავთ 16 პროცენტიანი ვარდნა სულ რაღაც სამ წელიწადში. მას ანაცვლებს ნაკლებად გამძლე სეზონური ყინული, რომელიც ყოველ ზაფხულს სრულიად დნება.

კვლევის მიხედვით, გასული 18 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ზამთრის ზღვის ყინულმა მოცულობის ერთი-მესამედი დაკარგა — ეს ამაღელვებელი რიცხვი აქამდე სავარაუდოდ გამოგვრჩა. ახალი კვლევა პირველია, რომელიც წლების განმავლობაში შეგროვებულ თანამგზავრულ მონაცემებს იყენებს როგორც ყინულის სისქის, ისე მის თავზე არსებული თოვლის სიღრმის შესაფასებლად.

„არქტიკის თოვლის სიღრმე, ზღვის ყინულის სისქე და მოცულობა ძალიან რთულად მისაღები სამი საზომია. ჩემთვის მთავარი ნიშანია არქტიკის ზამთრის ზღვის ყინულის დონის მნიშვნელოვანი კლება — ზამთრის ყინულის ერთი-მესამედი 18 წელიწადში — რასაც თან ახლავს ძველი, სქელი ზღვის ყინულის კარგვაც და ზაფხულის ბოლოსთვის დარჩენილი განფენილობის შემცირება“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლარული მეცნიერო რონ კოუკი.

მონაცემები დედამიწის გარშემო მოძრავ ორ თანამგზავრს, ICESat-2-ს და CryoSat-2-ს ეკუთვნის.

კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აერთიანებს სამი წლის წინ გაშვებულ თანამგზავრ ICESat-2-ის LiDAR ტექნოლოგიას და CryoSat-2-ის რადარულ ტექნოლოგიას. LiDAR ლაზერულ პულსებს იყენებს, რადარი კი რადიოტალღებს, მაგრამ ორივე მათგანი ობიექტებს (ამ შემთხვევაში თოვლს და ყინულს) მათ მიერ უკან არეკლილი სხივების საფუძველზე აფიქსირებს.

ამ მონაცემების გარეშე ყინულის სისქის შეფასება ძნელია, რადგან თოვლს შეუძლია ყინული წყალში ჩაძიროს და ოკეანეში მისი ტივტივის გზა შეცვალოს. კვლევა მიუთითებს, რომ კლიმატური ჩანაწერების გამოყენებით წარსულში თოვლის სიღრმის შეფასებისას, მეცნიერები ზღვის ყინულის სისქის შეფასებაში 20 პროცენტით, ანუ 20 სანტიმეტრით ცდებოდნენ.

მრავალწლიანი ყინული უფრო სქელია და შესაბამისად, უფრო ძნელადაც დნება, ვიდრე სეზონური ყინული; შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ის არქტიკისთვის ერთგვარი რეზერვუარია.

როდესაც ის იწურება და სეზონური ყინულით ნაცვლდება, მოსალოდნელია, რომ სწრაფად შემცირდება არქტიკის ზღვის ყინულის ზოგადი სისქე და მოცულობაც.

„ასეთ კლებას ნამდვილად არ ველოდით, არ გვეგონა, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში ყინული ასე გათხელდებოდა“, — ამბობს პოლარული მეცნიერი სარა კასიმი.

18 წლის წინანდელი მდგომარეობის გასარკვევად, მკვლევრებმა თანამგზავრ ICESat-ის ძველი მონაცემები შეისწავლეს; მათი შეფასებით, ამ პერიოდში დაკარგულია დაახლოებით 6000 კუბური კილომეტრის მოცულობის ზამთრის ყინული.

ასევე შემაშფოთებელია გასული სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მკვეთრი კლება. ნაკლები ყინული ეკოსისტემების მასობრივ მოშლას ნიშნავს. მან თანდათან შეიძლება შეცვალოს ოკეანის ის მთავარი დინებები, რომლებზეც ჩვენ ყველა ვართ დამოკიდებული და დიდი ალბათობით, დააჩქაროს კლიმატის ცვლილება, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ამის შეჩერების ერთადერთი გზაა წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის შემცირება; ჩვენ ყველას იმაზე დიდი როლის შესრულება შეგვიძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

2018 წელს გაშვებული თანამგზავრი ICESat-2 ზუსტად ისე მუშაობს, როგორც განზრახული იყო. არქტიკის ყინულის შესახებ ისეთ მონაცემებს გვაწვდის, როგორიც ჯერ არ გვქონია.

„ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, საუკუნის შუა პერიოდში არქტიკაში უნდა ველოდოთ ყინულისგან თავისუფალ ზაფხულებს, როდესაც ძველი ყინული ისე გათხელდება, რომ დნობის სეზონებს ვეღარ გადაურჩება“, — ამბობს კასიმი.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.