თანამგზავრმა მარიუპოლთან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში საერთო სამარხი დააფიქსირა
თანამგზავრმა მარიუპოლთან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში საერთო სამარხი დააფიქსირა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კერძო ამერიკული კომპანია „მაქსარის“ მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია დასახლება მანგუშზე. მარიუპოლის საკრებულოს ტელეგრამ არხზე ნათქვამია, რომ აღნიშნულ სამარხში სავარაუდოდ 3000-დან 9000-მდე ადამიანია დაკრძალული.
23 მარტს გადაღებულ სურათზე სამარხი არ ჩანს. 29 მარტით დათარიღებულ ფოტოზე კი ჩანს ტრანშეა, რომლის სიგრძეც 300 მეტრია. აღსანიშნავია, რომ ბუჩაში აღმოჩენილი საერთო სამარხის სიგრძე 14 მეტრი იყო.
უკრაინული მხარის შეფასებით, მარიუპოლში რუსეთის იერიშის დროს სულ 22 ათასი ადამიანი დაიღუპა.