თამაზ გეგეშიძე - მოჭიდავეები ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და მეგობარი მოჭიდავეების დახმარებით ვეცადეთ, მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი ოჯახებს დაბრუნებოდნენ
ერგნეთის საგუშაგოსთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლებას ქართველი სპორტსმენებიც ელოდებოდნენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
სპორტსმენებს შორის იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე.
მისი თქმით, მეგობარი მოჭიდავეების დახმარებით სცადეს, მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი ოჯახებს დაბრუნებოდნენ.
„მთავარია, ადამიანი ოჯახშია და ჯანმრთელადაა. ჩვენ, მოჭიდავეები, ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და ვეცადეთ, მეგობარი მოჭიდავეების დახმარებით, კარგი პირობები შეექმნათ დაკავებულებისთვის და ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს დაბრუნდებოდნენ. ვეცდებით, ეს მეგობრობა არ გავწყვიტოთ და კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. მეგობარს რომ დაურეკავ, იქ მოლაპარაკება აღარ არის საჭირო. ერთმანეთს ვურეკავთ, ვმეგობრობთ“, – განაცხადა თამაზ გეგეშიძემ.
როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება სახელმწიფოსთან ერთად იყო ასევე ბევრი ქართველი მწვრთნელის დამსახურება.
„ვისაც რა შეეძლო, ის წვლილი შეიტანა. ჩვენ გვყავს დიდი სამეგობრო და ის აგური გვაქვს დადებული, რომელითაც ხალხს ერთმანეთთან პატივისცემა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის, ამ ურთიერთობის დახმარებით, ჭიდაობის დიდმა სამყარომ, სახელმწიფოსთან ერთად, შეძლო, საქართველოს მოქალაქეები ოჯახებს დაბრუნებოდნენ. ყველა გავერთიანდით, კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს სამეგობროსთან. გვქონდა ინფორმაცია, რა დროს გამოუშვებდნენ.
გვარებს არ ჩამოვთვლი, ეს იყო სახელმწიფოსთან ერთად, მეგობრული ურთიერთობა. ეს იყო მეგობრული პატივისცემა და ეს იყო დამკვიდრებული იმაზე, რომ მოჭიდავეები მეგობრობენ, ერთად ჭიდაობენ, გამოდიან ჩემპიონატებზე. ეს იყო ბევრი ქართველი მწვრთნელის დამსახურება, ისინი ქართველები არიან და ზუსტად ამ პატივისცემის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლადო ბურდულმა.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთში საკუთარ ოჯახში იმყოფება. საოკუპაციო ძალებმა ის 29 სექტემბერს დააკავეს.