სუს-ი მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების ვიდეოკადრებს ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მონაწილეობით და სახელმწიფოს სხვა უწყებების უშუალო ჩართულობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ 2018 წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის და 2018 წლის 6 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი.

საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანების უკანონო დაკავება წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას და აუარესებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლა. მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთში საკუთარ ოჯახში იმყოფება. საოკუპაციო ძალებმა ის 29 სექტემბერს დააკავეს.