თამარ მახარაშვილი - ავტორიზაცია, როგორც ხარისხის უზრუნველყოფა, მკაცრი მიდგომიდან, კონტროლიდან გადაგვყავს მხარდაჭერაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე, ჩვენ ვუსმენთ სასკოლო საზოგადოებას 
თამარ მახარაშვილი - ავტორიზაცია, როგორც ხარისხის უზრუნველყოფა, მკაცრი მიდგომიდან, კონტროლიდან გადაგვყავს მხარდაჭერაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე, ჩვენ ვუსმენთ სასკოლო საზოგადოებას 

ავტორიზაცია, როგორც ხარისხის უზრუნველყოფა, მკაცრი მიდგომიდან, კონტროლიდან გადაგვყავს მხარდაჭერაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„პრეტენზია თუ გვაქვს, რომ ამ პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფაში ყველა უნდა იყოს ჩართული, მთელი სასკოლო საზოგადოება, ბუნებრივია, მთელი საგანმანათლებლო დაწესებულება ელოდება ისეთ მექანიზმს და დამოკიდებულებას ამ პროცესში, სადაც მას არ შეეშინდება საკუთარი სისუსტეების წარმოჩენა; ექნება მოლოდინი, რომ აუცილებლად მხარდაჭერას მიიღებს, რათა ხარისხი გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისი თქმით, თუ ავტორიზაციის გავლა ადრე დირექტორის თუ სასკოლო საზოგადოების აქტიურობაზე იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ამბობს, რომ იმ სტანდარტებით, რომლითაც სკოლის შეფასება ხდება, მხარდაჭერას გაგიწევ, სად გაგაძლიერო, მე არ ვარ სადამსჯელო და ჩემი მიზანია შენი გაძლიერება.

თამარ მახარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს უნდა, თავისი რეფორმებით სკოლას მეტი ავტონომია მისცეს.

„ამიტომ, სკოლაში როდესაც გარე ხარისხის შემფასებელი შედის, ეუბნება, რა აქვს გასაკეთებელი, მას მივცეთ არა ექვსი, არამედ ცხრა წელიც, რათა შიგნით იმუშაოს საკუთარ პრობლემებზე. მას სისტემის დახმარება თუ სჭირდება, უკეთ დაინახავს, სად სჭირდება კონკრეტული რგოლების დახმარება და თვითონ თუ შეუძლია ამ პრობლემას თავი გაართვას, თვითონ მიხედოს ამ საქმეს. აი, ეს არის მთავარი მესიჯი, სათქმელი და კულტურა, რომლის შეთავაზებაც გვინდა“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, ავტორიზაცია არის მექანიზმი, რომელსაც აინტერესებს, სკოლაში, სკოლის ორგანიზმში, მის ფუნქციონირებაში და ხარისხის უზრუნველყოფაში რამდენად არის ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება – მოსწავლე, მასწავლებელი, სკოლის ხელმძღვანელი და აუცილებლად მშობელი.

„ჩვენ, ყველა ერთად ვქმნით შესაბამის ხარისხს, ყველას პულსაცია აუცილებელია და აინტერესებს ამ პროცესს. ყველას აზრია საინტერესო“, – თქვა მახარაშვილმა.

თამარ მახარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სასკოლო საზოგადოებასთან, კერძო თუ საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან მუდმივი შეხვედრები აქვს.

„დღეს მშობლები იყვნენ მისული ბატონ მინისტრთან. ჩვენ ვუსმენთ სასკოლო საზოგადოებას და რაც ყველაზე მთავარია, მას ვაძლევთ თავისუფლებას. ყველა გადაწყვეტილება, რაც მიღებულია და რასაც ვაპირებთ, იქნება სკოლების მაქსიმალური ავტონომია. მათ თვითონ უნდა გვიკარნახონ, რაში სჭირდება, მაგალითად, მასწავლებელს გაძლიერება“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, ავტორიზაციის ნაწილში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მცირეკონტინგენტიან სკოლებს, რომლებიც ავტორიზაციას გადიან, საფასურის 50%-იანი შეღავათი მიეცეთ.