საფრანგეთის მთავრობა უჩივის ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც იცრუა, რომ დირექტორმა დაარტყა
საფრანგეთის მთავრობა უჩივის ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც იცრუა, რომ დირექტორმა დაარტყა

საფრანგეთის მთავრობა უჩივის ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც მოიტყუა, რომ დირექტორმა მას ხელი დაარტყა. როგორც „ბიბისი“ წერს, საქმე ეხება მუსლიმ მოსწავლე გოგონას, რომელსაც დირექტორმა კანონის დაცვით მოსთხოვა, თავსაბურავი მოეხსნა. ინციდენტის შემდეგ მოწაფემ დირექტორს უჩივლა, რამაც მედიის ყურადღება მიიქცია და დირექტორმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილების მიღება დაიწყო, რის გამოც მან თანამდებობის დროზე ადრე დატოვება გადაწყვიტა.

ამ კონფლიქტს და ლიცეუმის დირექტორის პენსიაზე დროზე ადრე გასვლას საფრანგეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა. 27 მარტს საფრანგეთის პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ გოგონამ დირექტორის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. მანამდე პროკურატურამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც დირექტორს ემუქრებოდნენ.

მომხდარის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოსწავლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„სახელმწიფო ყოველთვის იქნება იმ მოხელეების გვერდით, ვინც სეკულარიზმის პრინციპის დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა და უპირისპირდება ისლამისტების მცდელობებს, შეაღწიონ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა.

საფრანგეთის სკოლებში 2004 წლიდან აკრძალულია რელიგიური სიმბოლოების ტარება და ტრადიციული ტანსაცმლის ჩაცმა.