გიორგი ამილახვარი - შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ცრუ განგაში
გიორგი ამილახვარი - შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ცრუ განგაში

მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარს კითხვა დაუსვეს „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებზე.

„გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ახლად შექმნილ ტელეგრამარხზე. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები როგორც სამინისტროს, ისე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტ რეჟიმში ამოწმებდნენ. დილით ადრე უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ინფორმაციაში. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იკვლევენ, იძიებენ, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება, ყოფილიყო ამის მიზნები, ამოცანები“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.