თამარ გაბუნია - დილის მონაცემებით, 27 000-მდე ჯავშანი იყო გაკეთებული, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ არ გადადოს ვაქცინაცია
თამარ გაბუნია - დილის მონაცემებით, 27 000-მდე ჯავშანი იყო გაკეთებული, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ არ გადადოს ვაქცინაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვინაიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში კიბერშეტევის გამო პორტალი ხარვეზებით მუშაობდა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებლები დაჯამებულია.

თუმცა, ამავდროულად გაბუნია ამბობს, რომ ვირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა მაინც მაღალია და ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება.

„მოგეხსენებათ, ბოლო ორი დღის განმავლობაში კიბერშეტევის გამო ხარვეზებით მუშაობდა პორტალი, ამდენად, დღეს ახალი შემთხვევების მაჩვენებლები დაჯამდა და შემთხვევევის რაოდენობა გარკვეულწილად უფრო მაღალია, რაც ყოველდღიურ, ჭეეშმარიტ მაჩვენებლებს არ ასახვს. თუმცა, მაინც შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს აღემატება, ეს, რა თქმა უნდა, საყურადღებო მაჩვენებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა 3 000-ს აღწევს, 2 961 იყო დილის მდგომარეობით. ჰოსპიტალური სექტორი რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში, რათა შემთხვევების მართვა შესაფერისად მოხდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ ისაუბრა მასობრივი ვაქცინაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ დილის მონაცემებით, 27 000-მდე ჯავშანია გაკეთებული. თამარ გაბუნიას თქმით, იმედი აქვს, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

„მოგეხსენებათ, გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ მიიღო მილიონი დოზა ვაქცინა, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“. გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რაც ელოდება მოქალაქეს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და მივიდნენ ვაქცინაციისთვის შერჩეულ ცენტრებში. ქვეყნის მასშტაბით 160 დაწესებულება არის ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის, ისე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის საშუალებით, რაც გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის გვერდზე. აგრეთვე, შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქვე მოხდეს მოქალაქის დარეგისტრირება, თუ ის სხვა გზით რეგისტრაციას ვერ ახერხებს.

ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული. ხანდაზმულ ან ქრონიკული დაავადების მქონე პირს, რომელიც არის სახლს მიჯაჭვული, არ შეუძლია გადაადგილება და სჭირდება ბინაზე ვაქცინაციის მოთხოვნა, 15 22 იღებს ამ მოთხოვნას და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება უკვე ამცრელი ბრიგადის ორგანიზება ბინაზე. 100-მდე ასეთი მოქალაქე არის აცრილი ამ დროისთვის. გრძელდება ესენციური ჯგუფის ვაქცინაცია, შსს-ს, თავდაცვის სისტემის, პენიტენციური სისტემის ფარგლებში. მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისა და სახელმწიფო უწყების ფარგლებში თანამშრომლებისთვის მოწოდება, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში.

დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო დილის მდგომარეობით, სწრაფად იმატებს. შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, მნიშვნელოვანია, ნუ გადადებს მოქალაქე ვაქცინაციას და ჩაეწეროს. მეტის მოლოდინი გვქონდა და ვფიქრობთ, მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.